6. სრული ალბათობა. ბაიეზის წესი

შესავალი

წინამდებარე თავი შედარებით მცირე ზომის იქნება, რადგან მხოლოდ ორი ახალი რამ უნდა განვიხილოთ: სრული ალბათობა და ბაიეზის წესი. ორივე მათგანი, ძირითადად, პირობითი ალბათობის ცნებას ეფუძნება და ამიტომ, სანამ კითხვას გააგრძელებდეთ, გირჩევთ კიდევ ერთხელ კარგად გაიაზროთ პირობით ალბათობაში რას წარმოადგენს, ერთი მხრივ, პირობა და, მეორე მხრივ, ხდომილება, რომლის ალბათობასაც ვეძებთ ამ პირობით.

მოვიყვანოთ მაგალითი, თუ რა ვითარებაში შეიძლება დაგვჭირდეს, დავუშვათ, ბაიეზის წესის გამოყენება. ნაყინის მწარმოებლებისთვის ცნობილია, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, როგორც წესი, იზრდება გაყიდვები, ვინაიდან ცხელი სეზონის დადგომა ზრდის მომხმარებელთა მოთხოვნას გამაგრილებელ საკვებზე. თუმცა გაყიდვების ზრდა შესაძლოა ასევე დაკავშირებული იყოს სხვა ფაქტორებთანაც: სარეკლამო კამპანიის წარმატებასთან, ახალ შეფუთვასთან, უკეთეს ლოჯისტიკასთან და ა.შ. შესაბამისად, ნაყინის მწარმოებლებს უჩნდებათ ხოლმე კითხვა: ზაფხულში გაყიდვების ზრდა რა ალბათობით უნდა მივაწეროთ ცხელ სეზონს და რა ალბათობით სხვა ფაქტორებს? სწორედ ასეთი ტიპის კითხვაზე პასუხის გაცემაში გვეხმარება ბაიეზის წესი, რომელიც, თავის მხრივ, ალბათობის დათვლისას ეყრდნობა სრული ალბათობის სიდიდეს.