4. ალბათობა

შესავალი

მოცემულ თემაში ჩვენ განვიხილავთ ალბათობის მოდელებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ბიზნესისა და ეკონომიკის პრობლემების შესასწავლად გაურკვეველი სამომავლო შედეგების პირობებში.
აღნიშნული პრობლემების მაგალითად მოვიყვანთ მდგომარეობას კომპანიაში „ალფა“, რომელიც იბრძვის 5 ტენდერში გამარჯვების მოსაპოვებლად. კომპანიის მენეჯერის წინაშე დგება საკითხი: თუ კომპანია გაიმარჯვებს 4 ან 5 ტენდერში, აცილებული იქნება დამატებითი (ქვეკონტრაქტორი) პერსონალის აყვანა. დამატებითი პერსონალი საჭიროებს ტრეინინგს, რომელიც უნდა დაიწყოს ტენდერების შედეგების გამოცხადებამდე გაცილებით უფრო ადრე. თუ კომპანია გაიმარჯვებს 4 ან 5 ტენდერში და არ ჩაუტარებს სწავლებას ახალ თანამშრომლებს, ის ვერ შეძლებს პროექტების ხარისხიან შესრულებას. მეორეს მხრივ, თუ კომპანია აიყვანს დამატებით პერსონალს, ჩაუტარებს მათ ტრეინინგს, რაშიც დიდი ოდენობის რესურსები დაიხარჯება და შემდეგ გაიმარჯვებს 4-ზე ნაკლებ პროექტში, მისი მხრიდან გაწეული დანახარჯები ახალ თანამშრომლებზე ფუჭი აღმოჩნდება. ამ თემაში ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ალბათობის ამოსავალ ცნებებს, რომლებსაც გამოიყენებდა „ალფას“ მენეჯერი, რათა შეაფასოს ხდომილების (მოვლენის) შესაძლო მნიშვნელობა – 0, 1, 2, 3, 4, ან 5 ტენდერში გამარჯვება.
კიდევ ერთი მაგალითის სახით, ქალაქის საავადმყოფოში წინა (ისტორიული) გამოცდილებიდან იციან, რომ შაბათს საღამოს ყოველ საათს საშუალოდ 1.0 მძიმე პაციენტი მიიღება, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას. გადაუდებელი დახმარების პალატაში შესაძლებელია საათში 3 მძიმე ავადმყოფის მიღება. თუ მძიმე ავადმყოფთა მიღების ტენდენცია შენარჩუნდება, საავადმყოფოსთვის აუცილებელი იქნება იმის ცოდნა, თუ რა არის იმის ალბათობა, რომ რომელიმე საათს 3-ზე მეტ მძიმე ავადმყოფს დაჭირდება გადაუდებელი დახმარება. თუ 3-ზე მეტი პაციენტის მიღების ალბათობა არის მაღალი, მაშინ საავადმყოფომ უნდა უზრუნველყოს დამატებითი პალატები მძიმე ავადმყოფთა მიღებისათვის. მეორეს მხრივ, თუ ამგვარი ალბათობა არის დაბალი, საავადმყოფოს მიერ დიდი თანხების ინვესტირება დამატებით პალატ(ებ)ში არაეფექტიანი იქნება – პალატები დაუტვირთავი იქნება დროის უდიდესი ნაწილის განმავლობაში და შესაბამისი რესურსების გამოყენება სხვა სამედიცინო მიზნებისათვის უფრო ეფექტიანი იქნებოდა. ამგვარად, ამ ხდომილებების ალბათობის ცოდნა ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება იმის გადასაწყვეტად, თუ რამდენი გადაუდებელი დახმარების პალატა უნდა იყოს საავადმყოფოში.