Google Sheets აღჭურვილია სპეციალური ფუნქციებით ბინომიალური, ჰიპერგეომეტრიული და პუასონის შემთხვევითი ცვლადებისთვის ალბათობების დასათვლელად.
ბინომიალური ცვლადისთვის ფუნქციას აქვს შემდეგი სახე:
= BINOM.DIST(num_successes, num_trials, prob_success, cumulative)
სადაც num_successes წარმოადგენს წარმატებათა იმ რაოდენობას, რომლის მიღწევის ალბათობაც გვაინტერსებს, num_trials ცდათა რაოდენობაა, prob_success – წარმატების ალბათობა ცდაში, ხოლო cumulative კი განსაზღვრავს კუმულატიური ალბათობა გვსურს თუ წერტილოვანი. მაგალითად, თუკი გვაინტერესებს რა არის ალბათობა იმისა, რომ $ 90\% $-იანი სიზუსტის მქონე კალათბურთელი $ 5 $ ცდიდან ზუსტად $ 3 $ ბურთს ჩააგდებს, მაშინ ამ წერტილოვანი ალბათობის გამოსათვლელად უნდა ჩავწეროთ შემდეგი:
= BINOM.DIST(3, 5, 0.90, FALSE)
ეს კალათბურთელი მაქსიმუმ $ 3 $ ბურთს კი ჩააგდებს შემდეგი ალბათობით (ანუ კუმულატიური):
= BINOM.DIST(3, 5, 0.90, TRUE)
ჰიპერგეომეტრიული ცვლადისთვის ფუნქციას აქვს შემდეგი სახე:
= HYPGEOM.DIST(num_successes, num_draws, successes_in_pop, pop_size)
სადაც num_successes წარმოადგენს წარმატებათა იმ რაოდენობას, რომლის მიღწევის ალბათობაც გვაინტერსებს შერჩევაში, num_draws თავად შერჩევის ზომაა, successes_in_pop – პოპულაციაში წარმატებათა სრული რაოდენობა, ხოლო pop_size კი – პოპულაციის ზომა. მაგალითად, ურნაში, სადაც სულ $ 13 $ ბურთია $ 5 $ თეთრი ბურთითა და $ 8 $ შავი ბურთით, ალბათობა იმისა, რომ $ 4 $ ბურთის შემთხვევითი შერჩევისას $ 3 $ თეთრი ბურთი აღმოჩნდება ამ შერჩევაში, იქნება:
= HYPGEOM.DIST(3, 4, 5, 13)
პუასონის ცვლადისთვის ფუნქციას აქვს სახე:
= POISSON.DIST(x, mean, [cumulative])
სადაც x წარმოადგენს წარმატებათა იმ რაოდენობას, რომლის მიღწევის ალბათობაც გვაინტერსებს, mean – საშუალო წარმატებათა რაოდენობა დროის/სივრცის ერთეულში, [cumulative] კი განსაზღვრავს კუმულატიური ალბათობა გვსურს თუ წერტილოვანი (ეს არგუმენტი შეგვიძლია საერთოდ არც კი მივუთითოთ და ფუნქცია ავტომატურად დაითვლის წერტილოვან ალბათობას). მაგალითად, ალბათობა იმისა, რომ წლის განმავლობაში წყნარი ოკეანის კუნძულზე დაფიქსირდება ზუსტად $ 4 $ ძლიერი მიწისძვრა მაშინ, როცა საშუალოდ წელიწადში ფიქსირდება $ 5 $ ძლიერი მიწისძვრა, იქნება:
= POISSON.DIST(4, 5, )