ბიზნეს ანალიტიკოსის ლექსიკონი

ჯაკარდის კოეფიციენტი

ჯაკარდის კოეფიციენტი გამოიყენება იმ დაკვირვებათა შორის მანძილის გასაზომად, რომელთა კომპონენტები (ცვლადები) კატეგორიული ტიპისაა და თან იმავდროულად ორობითი (ბინარული). იგი გამოითვლება როგორც ფარდობა თანმხვედრი არანულოვანი კომპონენტების რაოდენობისა სხვაობასთან კომპონენტების სრულ რაოდენობასა და თანმხვედრი ნულოვანი კომპონენტების რაოდენობას შორის.

მაგალითად, თუკი ერთი დაკვირვებაა \( x= \) (0,1,1,0), ხოლო მეორე კი – \( y= \) (0,1,1,1), მაშინ ჯაკარდის კოეფიციენტი იქნება \( 2/(4-1)=2/3 \), რადგან ამ დაკვირვებებში მეორე და მესამე კომპონენტები თანმხვედრი არანულოვანი სიდიდეებია, ხოლო პირველი კომპონენტი კი თანმხვედრი ნულოვანი სიდიდეა.

ჯაკარდის კოეფიციენტი გარკვეულწილად აკომპენსირებს თანხვედრის კოეფიციენტის ნაკლს იმ კუთხით, რომ ეს უკანასკნელი ნულოვან კომპონენტებს დაკვირვებათა მსგავსების მანიშნებლად აღიქვამს.