ბიზნეს ანალიტიკოსის ლექსიკონი

ასოცირების დასაჯერობა

ინგლ. association confidence

ასოცირების დასაჯერობით ფასდება რამდენად მოსალოდნელია ასოცირების წესით მოცემული წინაპირობის შემთხვევაში მოცემული შედეგის დადგომა: $$ AC=\frac{N_{AB}}{N_B} $$ სადაც \( N_{AB} \) წარმოადგენს იმ ტრანზაქციათა რაოდენობას, რომელშიც ერთდროულად მონაწილეობს როგორც წინაპირობა, ასევე შედეგი, ხოლო \( N_B \) კი წინაპირობის მხარდამჭერი რაოდენობაა.

მაგალითად, მომხმარებელთა 100 ტრანზაქციის ანალიზის შედეგად თუკი აღმოჩნდა, რომ ასოცირების წინაპირობის მხარდამჭერია 25 ტრანზაქცია, ხოლო ერთდროულად წინაპირობისა და შედეგის მხარდამჭერია 5 ტრანზაქცია, მაშინ ბუნებრივია, რომ $$ AC = 5/25 = 0.20 $$

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ასოცირების დასაჯერობა წარმოადგენს ასოცირების შედეგის შესაბამისი ხდომილების \( (A) \) ალბათობას ასოცირების წინაპირობის შესაბამისი ხდომილების \( (B) \) პირობით: $$ P(A|B) = \frac{P(A \cap B)}{P(B)}. $$

აღსანიშნავია, რომ საზოგადოდ მაღალი დასაჯერობა მიანიშნებს ასოცირების წესის მაღალ ინფორმატიულობაზე (წინაპირობასა და შედეგს შორის მძლავრ კავშირზე). თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. კერძოდ, თუკი წინაპირობით მოცემული პროდუქტი ყველა (ან უმრავლეს) ტრანზაქციაში მონაწილეობს, მაშინ დასაჯერობის თუნდაც მაღალი მაჩვენებელი ღირებული ინფორმაციის მატარებელი აღარაა, რადგან ასეთ დროს შედეგის პირობითი ალბათობა უტოლდება (ან ახლოსაა) მის უპირობო ალბათობას. მსგავსი გამონაკლისების გათვალისწინება ხდება ასოცირების ეფექტიანობის კოეფიციენტით.